პრეზიდენტმა გურიაში ჩაის ფაბრიკა და სხვადასხვა პლანტაცია დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილი ოზურგეთში ანასეულის ჩაის ფაბრიკის ხელმძღვანელებს და თანამშრომლებს შეხვდა. ეს ფაბრიკა 800 ათას ტონა ჩაის ფოთოლს ამუშავებს და თავისი პროდუქცია რამდენიმე ქვეყანაში გააქვს.
ეროვნულ-დემოკრატები სტიქიით დაზარალებულებისთვის დახმარების მოცულობის გაზრდას მოითხოვენ. გურამ ჩახვაძემ მოუწოდა ხელისუფლებას - გაზარდოს ბიუჯეტით გათვალისწინებული დაფინანსება.
ლეიბორისტები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მმართველობის შესახებ მასალების შეგროვებას იწყებენ და პარტიაში საგამოძიებო კომისიას ქმნიან.
პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა კახეთში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით შექმნილი საგანგებო შტაბის მორიგი სხდომა გამართა. სხდომა თელავში ჩატარდა.
სტიქიისგან დაზარალებულებისთვის საკომპენსაციო თანხების დარიგება აგვისტოს პირველი რიცხვებიდან დაიწყება. ეს ინფორმაცია პრეზიდენტის პრესსპიკერმა გაახმაურა.
ავჭალის დასახლებაში ახალი სამაცივრე კომპლექსი გაიხსნა, რომელიც 8,000 ტონა ხილსა და ბოსტნეულს დაიტევს. სამაცივრე კომპლექსი დღეს ვანო მერაბიშვილმა დაათვალიერა. პრემიერის განცხადებით, ეს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის ნაწილია.
სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებულ კახეთში სარეაბილიტაციო და გაწმენდითი სამუშაოები კვლავ 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. მათ შორის კომუნიკაციებისა და ელექტროგამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაცია.