საქართველო-ხორვატიის მატჩი დღეს გაიმართება
26.03.11 12:04
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგი შეხვედრისთვის ემზადება. ქეცბაიას გუნდი ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ჯგუფის ლიდერს - ხორვატიას დაუპირისპირდება.
ბალკანელები საქართველოში გუშინ ჩამოვიდნენ. ქართული გუნდის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს დონეცკის "შახტარის" თავდამსხმელი ედუარდო. შესაძლოა მატჩი "ტოტენჰემის" მცველმა ჩორლუკამაც გამოტოვოს.
დანაკლისია საქართველოს ნაკრების შემადგენლობაშიც, ტრავმირებულია ჯანო ანანიძე.
გუშინ საღამოს ორივე გუნდმა ივარჯიშა. რაც შეეხება სტადიონს, ეროვნული სტადიონი მზადაა იმისათვის, რომ მომავალ შეხვედრას საკმაოდ მაღალ დონეზე უმასპინძლოს.
ეროვნული სტადიონის სალაროებში დაახლოებით 500 ბილეთამდეა დარჩენილი. ბილეთების გაყიდვა 3 საათზე შეწყდება.
მობილიზაციაა გულშემატკივართა მხრიდანაც. ქართული სპორტის ქომაგების ინიციატივით, ქვეყნის პრაქტიკულად ყველა რეგიონიდან ჩამოსული გულშემატკივარი სამის ნახევარზე თბილისის შემოსასვლელში შეიკრიბება. შემდეგ ქომაგები რესპუბლიკის მოედანზე გადაინაცვლებენ, საიდანაც ფეხით ყველა ეროვნული სტადიონისკენ გაემართება.
მატჩი თბილისის დროით 9 საათზე დაიწყება.
|