სააკაშვილმა მუსლიმანებს ბაირამობა მიულოცა
06.11.11 17:55
საქართველოში მცხოვრებ ისლამის მიმდევრებს დღევანდელი დღესასწაული ბაირამობა საქართველოს პრეზიდენტმა მიულოცა.
მიხეილ სააკაშვილი თბილისში მდებარე მეჩეთში მივიდა, სადაც მას თბილისისა და ბათუმის მუფტები დახვდნენ. სახელმწიფოს მხრიდან გამოჩენილი ყურადღებისთვის მათ საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადეს.
მეჩეთში მისვლამდე საქართველოს პრეზიდენტმა, თბილისის მერთან ერთად, ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ძველი დასახლება - ზემო და ქვემო კალაუბანი დაათვალიერა, სადაც ამჟამად მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. კაპიტალურად კეთდება დაახლოებით 80 შენობა. ბარაკის ტიპის სახლები უკვე აღებულია და მათ ნაცვლად ახალი შენობებია აგებული.
პრეზიდენტი რეაბილიტაციის გეგმას გაეცნო. კალაუბანში სამუშაოები პრეზიდენტის ინიციატივითა და სახელმწიფო პროგრამის დაფინანსებით ხორციელდება.
პროექტი 2012 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. მიხეილ სააკაშვილმა ადგილზე გათხრების შედეგად აღმოჩენილი უძველესი ნივთებიც ნახა.
კალაუბნის პარალელურად, საქართველოს პრეზიდენტმა დღესვე ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებიც დაათვალიერა. ბოტანიკური ბაღის ტერასიდან კეთდება ვერანდა და ლეღვთა ხევში გადასახედი, რომელიც 7 თვეში უნდა დასრულდეს.
დაგეგმილი სამუშაოების დასრულების შემდეგ, ტერიტრორია ძველ იერსახეს აღიდგენს.
ამავე დროს მიხეილ სააკაშვილი რიყის პარკისა და ნარიყალის დამაკავშირებელი საბაგირო გზის დეტალებს გაეცნო.
|