პრეზიდენტი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის კონფერენციაზე
09.05.12 12:59
ბათუმში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO)კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტმა მიმართა და ქვეყანაში ტურიზმის განვითარების შესახებ ისაუბრა.
`მე არ ვიცი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ტურიზმი იზრდება ისეთი რაოდენობით, როგორც ეს არის საქართველოში ბოლო წლებში. იმ წელს, როდესაც მე გავხდი პრეზიდენტი, საქართველოში იყო 120 ათასი უცხოელი ვიზიტორი და მათი აბსოლუტური უმრავლესობა იყვო ქართველი უცხოეთის პასპორტით. შარშანწინ ჩვენ გვყავდა 2 მილიონი, შარშან თითქმის 3 მილიონი და წელს ჩვენ ელოდებით 4 მილიონამდე ვიზიტორს, მომავალ წელს 5 მილიონამდე,`- განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ტურიზმის განვითარება ხელს უწყობს დასაქმების პრობლემის მოგვარებასა და შესაბამისად, ეკონომიკურ ზრდას.
პრეზიდენტი დღევანდელ თარიღსაც შეეხო. მისი თქმით, ქვეყანა, რომელმაც ფაშიზმი დაამარცხა, დღეს თვითონ არის ოკუპანტი.
`საქართველოს ძალიან ბევრმა მკვიდრმა თავი გასწირა იმისათვის, რომ მსოფლიოში ფაშიზმი დამარცხებულიყო. დღევანდელი სიტუაციის ცინიზმი გამოიხატება იმაში, რომ საბჭოთა კავშირის ყოფილი ხალხების ტერიტორიაზე ისევ გაჩდნენ ოკუპანტები და ოკუპირებულები,`- განაცხადა პრეზიდენტმა.
სააკაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტის რეზოლუციის, ასევე ძალიან ბევრი სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის გადაწყვეტილებისა და საერთაშორისო ტერმინოლოგიის თანახმად, რუსეთი ახორციელებს საქართველოს ტერიტორიების დიდი ნაწილის ოკუპაციას.
`რუსეთის მთავრობამ მიაღწია იმას, რომ ქვეყანა, რომელიც სხვა ქვეყნებთან ერთად გამარჯვებული იყო ფაშისტ ოკუპანტებთან ბრძოლაში, თვითონ არის დღეს საერთაშორისო ტერმინიოლოგიით აღწერილი ოკუპანტი სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. მე ვფიქრობ, ეს არის რუსეთის მთავრობის მიერ თავისი ხალხის შეურაცხყოფა,`- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ მიუხედავად ამ რეალობისა, საქართველომ ცალმხრივად გააუქმა სავიზო რეჟიმი ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსასვლელად.
|