ქუთაისში მთავრობის სხდომა გაიმართა
01.08.12 15:00
მთავრობა დღეს ქუთაისში შეიკრიბა. სხდომა პრემიერ-მინისტრმა გამართა. ვანო მერაბიშვილმა მინისტრებს მოსახლეობისთვის მთავრობის სამოქმედო გეგმის გაცნობა დაავალა.
`ჩვენ ვაპირებთ კვირის ბოლომდე დავრჩეთ ქუთაისში და ჩვენი სამთავრობო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს დასაქმების პრობლემის მოგვარებას, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას და სოფლის მეურნეობის განვითარებას, გავაცნოთ ხალხს, რომელმაც მეტი სიკეთე უნდა მიიღოს ჩვენგან და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ხალხმა იგრძნოს მეტი სარგებელი ამ მთავრობისაგან. ჩვენ უკვე შედგენილი გვაქვს გეგმა, თუ რომელი მინისტრი რომელ რაიონში წავა, ვის შეხვდება და რა პრიორიტეტებს დავსახავთ,`- განაცხადა პრემიერმა.
ხელისუფლების წარმომადგენლები კვირის განმავლობაში შემოივლიან რეგიონებს და დეტალურად განუმარტავენ ადგილობრივებს სამთავრობო გეგმის `მეტი სარგებელი ხალხს` პრიორიტეტებს. ისინი ადგილზე აღწერენ, რა პრობლემები აწუხებს მოსახლეობას სოფლებში, დაათვალიერებენ საწარმოებს, შეხვდებიან დევნილებს და მისწისძვრით დაზარალებულებს. იმერეთში იგეგმება რამდენიმე საირიგაციო არხის გახსნა. ვანსა და ხარაგაულში კი საავადმყოფოების მშენებლობის დაწყება.
|