სააკაშვილი აჭარის მაღალმთიანეთს ესტუმრა
04.08.12 21:35
აჭარის მაღალმთიანეთში, სოფელ ბეშუმში დღეს შუამთობას აღნიშნავენ. ადგილზე სხვადასხვა რაიონიდან ჩამოსული მოსახლეობაა შეკრებილი.
ტრადიციული დღესასწაული კონცერტით გაიხსნა. მანამდე კი ადგილზე მისულ სტუმრებსა და ადგილობრივებს საქართველოს პრეზიდენტმა მიმართა.
ბეშუმში ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი. შუამთობაზე, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერ აქციაზე მისულმა პრეზიდენტმა შეკრებილებს დღესასწაული მიულოცა და რეგიონის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა.
შუამთობის დღესასწაული უკვე მრავალი წელია იმართება. დღეს პრეზიდენტი შუამთობაზე ტრადიციულად ქცეულ ჯვრისწერასაც დაესწრო. მიხეილ სააკაშვილმა ახალშეუღლებულ წყვილს პირადად მიულოცა დაქორწინება.
ბეშუმში მისვლამდე საქართველოს პრეზიდენტი გოდერძის უღლტეხილზე იმყოფებოდა და დასაქმების პროგრამაში ჩართულ მუშებს შეხვდა. კურორტზე ამ დროისთვის ახალი საბაგიროსა და ათამდე სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს.
|