საქართველოში სახელმწიფო დროშები დაუშვეს
07.08.12 12:57
ქვეყანაში სახელმწიფო დროშები დაშვებულია. საქართველო 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულებს იხსენებს. სახელმწიფო დროშა დაეშვა პარლამენტის შენობის წინ.
საკანონმდბელო ორგანოს ხელმძღვანელმა, დეპუტატებთან ერთად, წუთიერი დუმილით პატივი მიაგო რუსული ინტერვენციის დროს დაღუპულთა ხსოვნას.
დეპუტატებმა პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას და გაიხსენეს აგვისტოს ტრაგედია და ყველაზე მძიმე დღეები - 7 და 8 აგვისტო, როდესაც რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ აგრესია განახორციელა.
ომის წლისთავის გამო, დღეს და ხვალ შეწყვეტილია წინასაარჩევნო კამპანია.
რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით, ორგანიზაცია "კოალიცია სამართლიანობის" წარმომადგენლებმა დოკუმენტური მასალები გადასცეს საქართველოს ეროვნულ მუზეუმს. ოკუპაციის მუზეუმში განთავსდება ის ვიდეომასალა, სადაც ასახულია, როგორ მიმდინარეობდა საქართველოს წინააღმდეგ რუსული აგრესია და ინტერვენცია.
რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულებს დღეს მთელ საქართველოში იხსენებენ. ომში 188 მშვიდობიანი მოქალაქე, 168 სამხედრო და 16 პოლიციელი დაიღუპა.
4 წლის წინ, კრემლის ბრძანებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს დასაპყრობად სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, მოსკოვის ბრძანებით, სამხედრო ძალების კონსოლიდირება რამდენიმე კვირით ადრე მიმდინარეობდა. საქართველოს დასაპყრობად სრული მძიმე შეიარაღებაც მომზადდა. ომის დაწყების მიზეზად კრემლმა რუს ე.წ. მშვიდობისმყოფელებზე თავდასხმის ინსცენირება გამოიყენა და რუსეთის მოქალაქეების ინტერესების დაცვის მოტივით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა.
მიუხედავად ძალთა უთანასწორობისა, ქართული სამხედრო შენაერთების ძალისხმევით, ქართველი ჯარისკაცების თავდადებითა და საერთაშორისო თანამეგობრობის, მეგობარი ქვეყნების ლიდერების მხარდაჭერით, რუსული ინტრვენციის შეჩერება მოხერხდა.
რუსეთს დღემდე ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი და მათი დამოუკიდებლობის აღიარების მოპოვებას სხვადასხვა ქვეყნისაგან დღემდე უშედეგოდ ცდილობს.
|