ალპინისტების გადარჩენის ოპერაციაში ავიაცია ჩაერთო
06.08.12 20:37
რუსი ალპინისტების გადარჩენის ოპერაციაში ავიაციაც ჩაერთო. უკვე მეხუთე დღეა მთამსვლელთა ჯგუფი მყინვარის ტყვეობაში იმყოფება.
თეთნულდისკენ მიმავალ გზაზე ერთ-ერთ ალპინისტს ფეხი მოტყდა, რის გამოც ჯგუფმა მარშრუტის გაგრძელება ვეღარ შეძლო და 3700 მეტრზე გაჩერდა.
შემთხვევის ადგილას გასულია მაშველთა ჯგუფი, თუმცა მთამსვლელთა ბანაკამდე ძალიან რთული გზა არის, ამიტომ მათი გამოყვანა ჯერ ვერ მოხერხდა.
ხვალიდან სამაშველო ოპერაცია უკვე ვერტმფრენის დახმარებით გაგრძელდება და სვანეთის მთებში დატყვევებულ სპორტსმენებს უკვე ავიაციის დახმარებით გამოიყვანენ.
რუსი ალპინისტები თეთნულდის დასალაშქრავად სოფელ ჟაბეშიდან ხუთი დღის წინ გავიდნენ. ბოლო კონსულტაცია მათ ქართველი მასპინძლისგან მიიღეს. რა მოხდა გზაში, დეტალები უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, კლდე ჩამოიშალა, რის შემდეგაც ისინი მიუვალ ადგილას ჩაცვივდნენ.
|