სააკაშვილმა ახალციხეში იუსტიციის სახლი გახსნა
09.08.12 18:11
ახალციხეში საქართველოს მეშვიდე იუსტიციის სახლი გაიხსნა. გამარტივებული სერვისით, როდესაც მოქალაქეები მომსახურებას ერთი სივრცის პრინციპით იღებენ, ახლა უკვე სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოსახლეობაც ისარგებლებს.
თანამედროვე ნაგებობა ქართველმა არქიტექტორებმა დააპროექტეს.
ახალი შენობა საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა, მანამდე კი ის მოსახლეობას შეხვდა და ახალციხეში ბოლო პერიოდში განხორციელებულ პროექტებზე ელაპარაკა.
დღესვე ახალციხეში პრეზიდენტმა ახლად გახსნილი სასტუმრო დაათვალიერა, რომელიც 150 სტუმრისთვის არის გათვალისწინებული და 60-ზე მეტ ნომერს მოიცავს.
შენობაში რამდენიმე რესტორანია განთავსებული, სადაც სტუმრებს ქართული და უცხოური სამზარეულოს კერძებს სთავაზობენ.
სასტუმროში 60-მდე სპეციალურად გადამზადებული ადამიანი მუშაობს.
მშენებლობა "ვისოლ ჯგუფმა" დააფინანსა, პროექტი კი გერმანელ არქიტექტორებს ეკუთვნით.
|