ქართული დიასპორის აქციები ევროპაში
09.08.12 16:55
აგვისტოს ომისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა შვედეთში. ქვეყანაში მცხოვრები ქართველები და მათი მეგობრები სტოკჰოლმში საქართველოს საელჩოში შეიკრიბნენ.
მათ შვედეთსა და ფინეთში საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ მიმართა.
გაიმართა ანდრეი ნეკრასოვის ფილმის - "რუსული გაკვეთილების" ჩვენება. საელჩოში აგრეთვე მოეწყო ფოტოგამოფენა, რომელიც 2008 წლის 12 აგვისტოს თბილისში პოლონეთის, ლიტვის, ესტონეთისა და უკრაინის პრეზიდენტების ჩასვლას მიეძღვნა.
ხაზი გაესვა ომის დროს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კარლ ბილდტის აქტიურ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ.
რუსული აგრესია ლიტვაშიც გააპროტესტეს. ვილნიუსში, რუსეთის საელჩოსთან გამართულ აქციაზე შეკრებილებმა მოითხოვეს, რომ რუსულმა ჯარმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დატოვოს და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებები შეასრულოს.
აქციის მონაწილეებმა საქართველოს რუკაზე თავისი ხელმოწერები დატოვეს და ის სამახსოვროდ რუსეთის საელჩოს გადასცეს.
|