შსს-მ `ქართული ოცნების` საპასუხოდ ვიდეომასალა გაავრცელა
16.08.12 20:59
შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ქართული ოცნების" განცხადებების საპირისპიროდ, დღეს ვიდეომასალა გაავრცელა. ივანიშვილის კოალიციამ, თავისი მხარდამჭერის პოლიტიკური ნიშნით დევნაზე, განცხადება გააკეთა.
დღევანდელი პრესკონფერენცია ვიქტორ დოლიძემ ”ქართული ოცნების” აქტივისტ - ბაგრატ ღარიბაშვილთან - ერთად გამართა. დოლიძის ინფორმაციით, ღარიბაშვილს ნარკოტიკების ჩადებით და დაკავებით ემუქრებიან, თუ ის "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობას არ შეწყვეტს.
ვიქტორ დოლიძე აცხადებს, რომ ანალოგიური მოტივით "ქართული ოცნების" კიდევ ორი წევრი - გია გოგოხია და ლევან მაღლაკელიძე - ორი დღის წინ, დააკავეს. ისინი ამ დრომდე მოდულის შენობაში იმყოფებიან.
"ქართული ოცნების" ლიდერები ამტკიცებენ, რომ მათი მხარდამჭერების დაკავება პოლიტიკური ნიშნით მოხდა.
კოალიციის წევრების საპასუხოდ, შსს-მ მასალა გაავრცელა, რომელზეც "ქართული ოცნების" აქტივისტი, გია გოგოხიაა, აღბეჭდილი. ფარული ვიდეოკამერით გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ დაკავებული გოგოხია მეგობართან ერთად ნარკოტიკულ საშუალებას ამზადებს და მოიხმარს.
1996 წლიდან, გია გოგოხია პოლიციაში მუშაობდა, თუმცა 2003 წელს ის გაათავისუფლეს. სამსახურიდან გაშვებამდე, ბოლო წლებში ის ისანი–სამგორის პოლიციის სამმართველოს ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებაში მსახურობდა.
|