პრეზიდენტი რაბათის ციხის გასხნას დაესწრო
17.08.12 10:55
საქართველოს პრეზიდენტი ახალციხეში რაბათის ციხის გახსნის ცერემონიალს დაესწრო. მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ მინისტრთან ერთად, ფეხით შემოიარა განახლებული რაბათის ციხე-ქალაქი, აღდგენილი ობიექტები დაათვალიერა და შეკრებილ მოსახლეობასაც გაესაუბრა. მიხეილ სააკაშვილმა მე-9 საუკუნით დათარიღებული ტაძარიც მოილოცა, რომელიც რესტავრატორებმა ნანგრევებიდან აღადგინეს და მართმადიდებელ მრევლს პირვანდელი სახით დაუბრუნეს.
ქვეყნის პირველმა პირმა ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ამ ადგილის მნიშვნელობაზე ესაუბრა. რაბათის ციხეს მან `ღმშენებლობის გვირგვინი` უწოდა და ყურადღება საქართველოში დასრულებულ და მიმდინარე სხვა მშენებლობებსა და სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გაამახვილა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, აღდგენილი ციხე ახალციხეში უამრავ ტურისტს მოიზიდავს, რაც, თავის მხრივ, მოსახლეობის პირობების გაუმჯობესების საწინდარი გახდება. მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებას ახალი პროექტის შესახებაც ესაუბრა და განაცხადა, რომ რაბათის შემდეგ, გორის ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.
პრეზიდენტის თქმით, ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რომელთაგან უპირველესი სიღარიბის დაძლევაა. მიხეილ სააკაშვილი ტურიზმის განვითარების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეს ამ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. ქვეყნის პირველმა პირმა ახალგაზრდობის როლზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ სწორედ ამ ახალგაზრდებმა უნდა გააგრძელონ ქვეყნის აღმშენებლობის შემდგომი პროცესი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ახალციხეში ციხე-ქალაქ რაბათის რეაბილიტაციაში მონაწილე სხვადასხვა ხელობის მქონე პირები და რიგითი მუშები, სულ 40 ადამიანი ღირსების ორდენებით დააჯილდოვა. პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა არქიტექტორ შალვა მელიქიძეს, რომელიც წარმოშობით ახალციხიდან არის.
განახლებული რაბათის გახსნის ცერემონია ცნობილი ფრანგი მომღერლისა და მსახიობის შარლ აზნავურის კონცერტით დასრულდა.
|