რუსთაველის გამზირზე ბოლო სამზადისი მიმდინარეობს
25.05.12 10:41
რუსთაველის გამზირზე 26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებებისთვის ბოლო სამზადისი მიმდინარეობს. გუშინ უკვე შეიზღუდა მოძრაობა რუსთაველის გამზირზე. მძღოლებს გადაადგილება თავისუფლების მოედანზე მხოლოდ წრიული მოძრაობით შეეძლებათ. ასევე ტრანსპორტის მოძრაობა დაშვებული იქნება ჯავახიშვილის, ყოფილი ელბაქიძის ქუჩის მეშვეობით გალაკტიონის ხიდის მიმართულებით. შეზღუდვები ქალაქში სამი დღის განმავლობაში - 26 მაისის ჩათვლით იმოქმედებს.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს თბილისში მოვლენათა ეპიცენტრი სწორედ რუსთაველის გამზირი იქნება. აქ 270-მდე კომპანია პროექტის `დამზადებულია საქართველოში` ფარგლებში ადგილობრივ ნაწარმს გამოფენს. ასევე რუსთაველის გამზირზე მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის წარმოდგენები გაიმართება.
წელს უკვე მერვედ თბილისი ყვავილების ფესტივალსაც უმასპინძლებს, თუმცა, წინა წლებისგან განსხვავებით, ის 9 აპრილის ბაღში ჩატარდება. ღონისძიებაში ასამდე კომპანია და კერძო კოლექციონერი მიიღებს მონაწილეობას.
26 მაისის კულმინაცია თბილისში მარჯანიშვილის მოედანზე დაგეგმილი კონცერტი იქნება, სადაც სუხიშვილების ქორეოგრაფიული აღლუმი შედგება.
|