გურიაში ტრადიციული ლელობურთი გაიმართა
15.04.12 17:58
16-კილოგრამიანი ტყავის ბურთი და თამაში, რომელსაც გურიაში უკვე სამ საუკუნოვანი ტრადიცია აქვს, - თუმცა ლელობურთი დიდი ხანია გასცდა მხოლოდ შეჯიბრის ფარგლებს და მან სახალხო დღესასწაულის სახე მიიღო.
აღდგომაზე ამ მხიარულ ტრადიციას შუხუთელებმა არც წელს უღალატეს. ამ წუთებში ერთმანეთს ზემო და ქვემო შუხუთელები – დაახლოებით 300 ადამიანი - ეჯიბრება ერთმანეთს. თამაში ცენტრალურ გზაზე დაიწყო. შერკინება მას შემდეგ დასრულდება, რაც ბურთი რომელიმე კუთხის ღელეში ჩავარდება.
საიუბილეო 150–ე გათამაშების გამარჯვებულს გარდამავალი თასი გადაეცემა. გურიაში ჩასული არიან მთავრობის წევრები, უცხოელი ტურისტები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. თამაშის დაწყებას დაესწრო საქართველოს პრეზიდენტი. შუხუთში მიხეილ სააკაშვილი ცოლ-შვილთან ერთად იმყოფება.
დღესვე, საქართველოს პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად ლანჩხუთში იმნაიშვილების ოჯახს ესტუმრა. მიხეილ სააკაშვილმა აღდგომის დღესასწაული 92 წლის თინა იმნაიშვილს მიულოცა და საჩუქარად სააღდგომო ტკბილეული გადასცა. სხვა თემებთან ერთად ხანდაზმული ქალბატონი პრეზიდენტს ლელობურთის ტრადიციებზე გაესაუბრა. როგორც აღმოჩნდა, თინა იმნაიშვილი ამ სპორტულ შეჯიბრებაში 40 წლის განმავლობაში თავად მონაწილეობდა. შეხვედრის ბოლოს, მიხეილ სააკაშვილმა ლანჩხუთელ ქალბატონს დიდხანს სიცოცხლე უსურვა.
|