გრძელდება პრეზიდენტის ვიზიტი ლატვიაში
30.05.12 11:05
საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ლატვიაში გრძელდება. დღეს დილიდან მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.
პრეზიდენტი უკვე შეხვდა ლატვიის პრემიერ-მინისტრს, სადაც საუბარი შეეხო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციას და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებს. ასევე შედგა შეხვედრა იურმალის მერთან, სადაც ხელი მოეწერა შეთანხმებას ამ ქალაქისა და ანაკლიის დაძმობილების შესახებ.
ვიზიტის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილი რიგის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია, სადაც საჯარო ლექცია წაიკითხა.
პრეზიდენტი საქართველო-ლატვიის ბიზნეს-ფორუმსაც დაესწრო
საქართველოს პირველი პირი უკვე ესაუბრა ლატვიის პრეზიდენტს, რომელმაც სააკაშვილს ქვეყნის უმაღლესი ჯილდო, სამი ვარსკვლავის ორდენიც გადასცა. გაფართოებულ ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ კი მხარეებმა ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ესტუმრა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე კი ლატვიელ სტუმრებს და რიგაში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა.
|